თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი
1.1. ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ (LLP „Georgian Arbitration Tribunal”) არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო დავების განხილვა წინამდებარე წესების შესაბამისად.
1.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
1.3.არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
1.4. არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად.
1.5. წინამდებარე დებულებაში „ქართულ საარბიტრაჟო ტრიბუნალზე“ მითითება წარმოადგენს მითითებას “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” ორგანიზაციულ ერთეულზე ან/და თანამდებობის პირზე, რომელიც სპეციალურად შექმნილია ან დანიშნულია დებულებით განსაზღვრული სათანადო ფუნქციების შესრულების მიზნით.
მუხლი 2. მოქმედების ფარგლები
2.1.- “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი” დებულების შესაბამისად განიხილავს დავას, თუ:
2.1.1. მხარეები შეთანხმდებიან, რომ დავა განიხილება “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” საარბიტრაჟო წარმოების წესების შესაბამისად, “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” მიერ ან მსგავსი შინაარსის დათქმით.
2.1.2. მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება შედგა საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაგებლის გაცვლის გზით.
2.2. მხარეთა შეთანხმება დავის “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” მიერ გადაწყვეტაზე გულისხმობს შეთანხმებას წინამდებარე დებულებაზე.
2.3. „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ საარბიტრაჟო განხილვისას ხელმძღვანელობს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით, წინამდებარე დებულებით და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი).
2.4. ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესია, თანმიმდევრულად, მხარეთა შეთანხმება, დებულება, კანონი.
2.5. საარბიტრაჟო საქმის განხილვა წარიმართება დებულების იმ რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაშია მხარეთა შორის დავის განმხილველ ორგანოდ „ქართულ საარბიტრაჟო ტრიბუნალზე“ შეთანხმების (წინამდებარე დებულების 2.1.1. მუხლის საფუძველზე დადგენილი კომპეტენცია) ან საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების მომენტში (წინამდებარე დებულების 2.1.2 მუხლის საფუძველზე დადგენილი კომპეტენცია).
2.6. დაუშვებელია დავის წარმოების პროცესში შეცვლილი დებულების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
2.6.1. აღნიშნულზე არსებობს მხარეთა შეთანხმება, ან/და
2.6.2. საქმის სპეციფიკურობამ მოითხოვა ისეთი პროცედურული საკითხის მოწესრიგება, რომელიც მანამდე არ იყო დებულებით დარეგულირებული.
მუხლი 3. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
3.1. „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ უფლებამოსილია განმარტოს წინამდებარე დებულების ნებისმიერი ნორმა თავისი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3.2.1. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
3.2.1. „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ (ს/კ 402262993), ინგლისური სახელწოდება – LLP „Georgian Arbitration Tribunal“;
3.2.2. „არბიტრაჟი“- ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
3.2.3. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს შპს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ პარტნიორთა კრება უვადოდ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე წინამდებარე დებულების მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებს არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრირებას;
3.2.4. არბიტრი – პირი, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
3.2.5. საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირ(ებ)ი, რომელმაც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
3.2.6. საარბიტრაჟო მოპასუხე – პირ(ებ)ი, რომლის წინააღმდეგაც წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;
3.2.7. მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე;
3.2.8. დავა – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომელიც არბიტრაჟს გადაეცა განსახილველად;
3.2.9. სარჩელი– მოსარჩელის განცხადება, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ;
3.2.10. შესაგებელი – შეპასუხება სარჩელზე ან შემხვედრ სარჩელზე;
3.2.11. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო საქმის განხილვის პროცესში მიღებული როგორც შუალედური, აგრეთვე საბოლოო გადაწყვეტილება;
3.2.12. არბიტრაჟის ხარჯები – საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებლი ხარჯები.
მუხლი 4. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე
4.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ადმინისტრირებას უწევს არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის/გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ხელმძღვანელობს კანცელარიას და ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
4.1.1. აკომპლექტებს ან დახმარებას უწევს მხარეებს არბიტრაჟის ფორმირებაში;
4.1.2. იღებს გადაწყვეტილებას არბიტრ(ებ)ის დანიშვნის ან შეცვლის შესახებ;
4.1.3. ინახავს დოკუმენტებს;
4.1.4. ამტკიცებს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” არბიტრთა სიას;
4.1.5. ამზადებს დებულებაში შესატან ცვლილებათა პროექტს;
4.1.6. აკომპლექტებს კანცელარიას, უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას და შეიმუშავებს მისი მუშაობის სახელმძღვანელო წესებს;
4.1.7. წყვეტს სხვა საკითხებს, დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში.
4.1.8. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე შეიძლება დაინიშნოს არბიტრად.
4.1.9. თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე აღმოჩნდა ჩართული რომელიმე საარბიტრაჟო განხილვაში ან წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო განხილვის მხარესთან პირადი, ან საქმიანი ურთიერთობიდან ან საქმის შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე, მას არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში.
მუხლი 5. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარია
5.1. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარია უზრუნველყოფს საარბიტრაჟო საქმის წარმოებისათვის საჭირო ლოჯისტიკური საქმიანობას, “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარის მიერ მიცემული მითითებებისა და
5.1.1. იღებს და აგზავნის კორესპონდენციას;
5.1.2. ამზადებს საქმისწარმოების დოკუმენტაციას, საკუთარი კომპეტენციიის შესაბამისად;
5.1.3. უზრუნველყოფს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით დამუშავებას;
5.1.4. უზრუნველყოფს არბიტრაჟში ელექტრონული ფორმით შემოსული ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამის მსვლელობას აძლევს მას;
5.1.5. უფლებამოსილია აწარმოოს ჩანაწერები და შექმნას დოკუმენტები მხარეთა და არბიტრ(ებ)ის ინფორმირების მიზნით, ასევე საარბიტრაჟო განხილვის სათანადოდ წარმართვისათვის;
5.1.6. ასრულებს თავმჯდომარის სხვა მითითებებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 6. შეტყობინებები და მხარეებთან კომუნიკაცია
6.1. ნებისმიერი შეტყობინება ან გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
6.1.1 არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
6.1.2. საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
6.1.3. შეტყობინების გაგზავნის დროს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის” ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
6.2. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ადგილზე უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ხოლო თუ ისინი არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს ან დამქირავებელს, რომელიც თანახმა იქნება გადასცეს უწყება ადრესატს. სამუშაო ადგილზე უწყების გაგზავნისას, ადრესატის არ ყოფნის შემთხვევაში უწყება უნდა ჩაჰბარდეს ადრესატის თანამშრომელს. უწყების მიმღები პირი ვადლებულია, უწყების მეორე ეგზემპლაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა.
6.3. შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ:
6.3.1. არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
6.3.2 .საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
6.3.3. შეტყობინების გაგზავნის მომენტში „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის“ ადრესატის ცნობილ უკანასკნელ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.4. შეტყობინება/გზავნილი, ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის მისი გადაცემის დღეს.
6.5. ელექტრონული გზავნილი/შეტყობინება მიღებულად ითვლება მისი გაგზავნის დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტრონული ფომით გზავნილზე იმავე საშუალებით მიღებულია შეტყობინება, რომ ადრესატს ელექტრონული გზავნილი არ მიუვიდა.
6.6. „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალს“ შეუძლია შეტყობინება მიაწოდოს ადრესატს ან მის წარმომადგენელს ტელეფონით, რაც სათანადო ფორმით განხორციელებულ გადაცემად ჩაითვლება და არ არის აუცილებელი იგივე ინფორმაციის 6.1 და 6.3 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებით გადაცემა.
6.7. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარია თავად იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.
6.8. საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის (მათ შორის ტელეფონის, ფაქსის, ელ. ფოსტის მისამართის) შეცვლის და ახალი მისამართის შესახებ.
6.9. საარბიტრაჟო განხილვისას, გაგზავნილის/კორესპონდენციის პირველად ჩაბარების დასტურის მიღების შემდგომ, “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარია შემდგომ გზავნილებს აგზავნის პირველად ჩაბარების მისამართზე.
6.10. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – GAT.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
6.11. საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
6.12. თუ პირმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, იგი ჩაბარებულად ითვლება, თუ მისამართი სწორია და გზავნილის/შეტყობინების ჩაბარებაზე უარი განაცხადა:
6.12.1 თავად ადრესატმა (პირველი გზავნილის შემთხვევაში);
6.12.2. ადრესატის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან მასთან ერთად მცხოვრებმა ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (მეორე გზავნილის შემთხვევაში);
6.12.3. თანამშრომელმა/ორგანიზაციის წარმომადგენელმა სადაც ადრესატი მუშაობს (მეორე გზავნილის შემთხვევაში);
6.13. თუ პირველი საარბიტრაჟო გზავნილი/შეტყობინება ერთხელ უკვე ჩაჰბარდა ადრესატთან ერთად მცხოვრებ სრულწლოვან პირს ან ოჯახის წევრს, თანამშრომელს/ორგანიზაციის წარმომადგენელს სადაც ადრესატი მუშაობს, მეორედ გაგზავნა საჭირო აღარ არის.
6.14. ტექნიკური საშუალებით უწყების გაგზავნის ფაქტი დასტურდება: ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
მუხლი 7. ვადები
7.1. საარბიტრაჟო მოქმედება სრულდება კანონით და ამ დებულებით დადგენილ ვადებში.
7.2. დებულებით გათვალისწინებული ვადის დენა იწყება შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.
7.3. გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასვენების და უქმე დღეები.
7.4. თუ ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების ან უქმე დღე იმ სახელმწიფოში, სადაც განხორციელდა შეტყობინების ჩაბარება, ასეთი ვადა დასრულებულად ჩაითვლება მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
7.5. დებულებაში მითითებული ნებისმიერი ვადა გამოითვლება კალენდარული დღეებით.
თავი II. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი
8.1. მხარე, რომელსაც სურს დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა (შემდგომში- მოსარჩელე), საარბიტრაჟო სარჩელს გადასცემს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას (პირადად, ფოსტის ან ელ. ფოსტის მეშვეობით) რომელიც, სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში, არეგისტრირებს სარჩელს, თუ დაცულია წინამდებარე მუხლის მოთხოვნები.
8.2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:
8.2.1. მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელები, პირადი ნომრები და საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
8.2.2. დავის არსი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
8.2.3 მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
8.2.4 საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნ(ები). თუ მოთხოვნ(ებ)ის კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ამ მოთხოვნ(ებ)ის მიახლოებითი ფულადი ღირებულება;
8.2.5. მითითება საარბიტრაჟო შეთანხმების პირობების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნ(ებ)ის დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან/და რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;
8.2.6. რამდენიმე საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, მითითება, თუ რომელი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარეობს თითოეული მოთხოვნა;
8.2.7. დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის საარბიტრაჟო სარჩელს.
8.3. კანცელარია, წინამდებარე დებულების 8.2 მუხლით განსაზღვრული პირობების გარდა, ასევე, ამოწმებს:
ა) არის თუ არა სარჩელი ხელმოწერილი:
ბ) თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს, ერთვის თუ არა მას წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) წარმოდგენილია თუ არა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა;
8.4. საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ ან რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყოს დავის ეფექტურად გადაწყვეტას.
8.5. მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაურთოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
8.6. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ არის წარმოდგენილი წინამდებარე მუხლის ფორმალურ მოთხოვნათა დაცვით, „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ კანცელარიას შეუძლია განუსაზღვროს 5 დღიანი ვადა მოსარჩელეს სარჩელის დაზუსტებისთვის, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანცელარიას შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციაზე. უარი სარჩელის რეგისტრაციაზე არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ დააყენოს იგივე მოთხოვნები მომავალში.
8.7. თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სარჩელის კანცელარიისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემის შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია ამ დოკუმენტების ორიგინალი (ან სათანადოდ დამოწმებული ასლი) წარუდგინოს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას, ტრიბუნალის ან კანცელარიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, თუ საარბიტრაჟო მოპასუხე წარდგენილი დოკუმენტების ავთენტურობას ეჭვქვეშ დააყენებს.
მუხლი 9. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარება
სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ეგზავნება მოსარჩელის მიერ. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში არბიტრაჟს წარუდგინოს მოპასუხისათვის გზავნილის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება ან იშუამდგომლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო გამოქვეყნების გზით მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. მოსარჩელემ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 10. შესაგებელი, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნა
10.1. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს კანცელარიას შესაგებელი საარბიტრაჟო სარჩელზე (შემდგომში – შესაგებელი), რომელშიც უნდა აღინიშნოს:
10.1.1. მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
10.1.2. მოსაზრება საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
10.1.3. დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც მოპასუსე აფუძნებს საკუთარ შესაგებელს;
მუხლი 11. საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის შემოწმება
11.1. თუ მხარე, რომელსაც წაეყენა საარბიტრაჟო მოთხოვნა, არ წარადგენს შესაგებელს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე პრეტენზიას საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსის შესახებ, ან აყენებს საკითხს ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ყველა მოთხოვნის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება და გადაწყვეტილებას იღებს არბიტრი.
11.2. იმ შემთვევაში, თუ არბიტრმა მიიღო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე რომელიმე საარბიტრაჟო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება არ ართმევს მხარეს უფლებას, საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის საფუძვლად არსებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, თავიდან სხვა საარბიტრაჟო სარჩელში დააყენოს იგივე საარბიტრაჟო მოთხოვნები.
11.3. თუ სათანადოდ ინფორმირებული მხარე საარბიტრაჟო განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას ან უარს ამბობს მონაწილეობის მიღებაზე, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება.
11.4. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ პრეტენზია შეიძლება გაკეთდეს შესაგებელთან ერთად ან შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში მისი წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში.
11.5. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამის გარემოებებზე ინფორმაციის მიღებიდან 7 დღის ვადაში.
მუხლი 12. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება
12.1. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორი ან მეტი საარბიტრაჟო სარჩელის ერთ საარბიტრაჟო საქმეში გაერთიანების შესახებ, თუ:
12.1.1 მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების შესახებ;
12.1.2 ყველა მოთხოვნა ერთი და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება;
12.1.3 საარბიტრაჟო მოთხოვნები სხვადასხვა საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება, მაგრამ საარბიტრაჟო განხილვები მიმდინარეობს ერთი და იმავე მხარეებს შორის, დავები წარმოშობილია ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან, და “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებები თავსებადია.
12.2. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟის თავმჯდომარემ შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომელსაც ჩათვლის საქმესთან კავშირში, მათ შორის, თუ რა ეტაპზეა საარბიტრაჟო განხილვა, დანიშნულია თუ არა არბიტრი და ა.შ.
12.3. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანებისას, ისინი ერთიანდებიან იმ საარბიტრაჟო საქმეში, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, თუ ყველა მხარე სხვა რამეზე არ შეთანხმდა.
მუხლი 13. სარჩელის განუხილველად დატოვება
13.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ;
ბ) საარბიტრაჟო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი დარჩეს განუხილველი;
გ) არცერთი მხარე არ გამოცხადდა;
დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე;
ე) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გახმობის შესახებ;
ვ) მოსარჩელემ არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი;
13.2. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.
თავი III. არბიტრაჟი
მუხლი 14. ზოგადი ნაწილი
14.1. თითოეული არბიტრი უნდა იყოს საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დარჩეს ასეთად მთელი საარბიტრაჟო განხილვის განმავლობაში.
14.2.დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის განმხილველ არბიტრად ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარე.
14.3. არბიტრობის კანდიდატმა არბიტრობაზე თანხმობა უნდა განაცხადოს წერილობით დადგენილებაზე ხელმოწერით (“ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” მიერ დამტკიცებული ფორმით ან მის გარეშე), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
14.3.1. მითითება იმის შესახებ, რომ თანახმაა განიხილოს კონკრეტული დავა;
14.3.2. არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
14.3.3. თუ მხარეთა მიერ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის მიმართ დადგენილია კომპეტენციის კრიტერიუმები, დადგენილებაში ასევე უნდა მიეთითოს, რომ არბიტრი აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.
14.4. არბიტრობის კანდიდატმა „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ კანცელარიას წერილობით უნდა აცნობოს ნებისმიერი ფაქტისა და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.
14.5. არბიტრი ვალდებულია არბიტრაჟის თავმჯდომარეს, არბიტრაჟის სხვა წევრებს და მხარეებს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ წარმოშობილი ფაქტის ან/და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.
14.6. არც ერთ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია არბიტრაჟთან ან არბიტრობის ნებისმიერ კანდიდატთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანდიდატის ინფორმირება ხდება დავის ზოგადი არსის შესახებ, რათა განხილულ იქნას საკითხი, თუ რამდენად აქვს მას სათანადო დრო საქმის განხილვისათვის, ან შესაძლებლობა იყოს დამოუკიდებელი და მხარეების მიმართ მიუკერძოებელი, ასევე, შეესაბამებოდეს საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
14.7. არბიტრები ვალდებულნი არიან თავიანთი საქმიანობა განახორციელონ კანონის, დებულების და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 15. არბიტრთა რაოდენობა
15.1. დავა განიხილება ერთი ან სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ.
15.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ არიან შეთანხმებულნი არბიტრთა რაოდენობაზე, დავა განიხილება ერთი არბიტრით ფორმირებული არბიტრაჟის მიერ.
მუხლი 16. არბიტრაჟის ფორმირება
16.1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრაჟის ფორმირების წინამდებარე დებულებაში გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ პროცედურაზე.
16.2. იმ შემთხვევაში, თუ დავა უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, არბიტრს ნიშნავს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე, საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.
16.3. როდესაც დავა განხილული უნდა იქნას სამი არბიტრით ფორმირებული არბიტრაჟის მიერ, თუ მხარეები სხვა პროცედურაზე არ შეთანხმდებიან, უკვე დანიშნული ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში შეთანხმებულად ასახელებენ მესამე არბიტრის კანდიდატურას. თუ მოცემულ ვადაში ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში, ამ პუნქტის მიხედვით, არ მოხდება მესამე არბიტრის კანდიდატურის დასახელება, მესამე არბიტრს ნიშნავს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმდჯომარე.
მუხლი 17. არბიტრთა დანიშვნა და დამტკიცება
17.1 “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე ამტკიცებს მხარეების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს.
17.2. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე არბიტრის დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას, სხვა გარემოებებთან ერთად, ითვალისწინებს დავის ხასიათს, საარბიტრაჟო განხილვის ადგილს, ენას და გამოსაყენებელ სამართალს.
მუხლი 18. არბიტრის აცილება და შეცვლა
18.1. მხარეს უფლება აქვს, “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარისათვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი მიმართვით, მოითხოვოს არბიტრის აცილება თუ მიიჩნევს, რომ ის:
18.1.1. არ არის დამოუკიდებელი ან/და მიუკერძოებელი;
18.1.2. არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას;
18.1.3. ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციის შესრულებაში;
18.1.4. არ ავლენს სათანადო ყურადღებას დავის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით განხილვისათვის;
18.2. მხარეს, მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის აცილების მოთხოვნის უფლება გააჩნია იმ შემთხვევაში თუ აცილების საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
18.3. მხარე კარგავს არბიტრის აცილების უფლებას თუ მან აცილების შესახებ განცხადებით არ მიმართა “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარეს 10 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
18.4. არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადს უგზავნის სხვა მხარე(ებ)ს და არბიტრაჟის წევრებს რითაც მათ ეძლევათ საშუალება 10 დღის ვადაში წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები.
18.5. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გადადგება მისი აცილების საკითხის დაყენებიდან 10 დღის ვადაში და თუ მეორე მხარე არ დაეთანხმა აცილებას, ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში არბიტრის აცილების შესახებ საკითხს გადაწყვეტს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე.
18.6. თუ არბიტრი მოახდენს თვითაცილებას, ან თუ მეორე მხარე დაეთანხმება არბიტრის აცილებას, არბიტრი ჩაითვლება აცილებულად.
18.7. არბიტრი შეიცვლება, თუ:
18.7.1. არბიტრი გარდაიცვალა;
18.7.2. არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
18.7.3 “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;
18.7.4. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს თავის ფუნქციებს.
18.7.5. არბიტრი დაინიშნა ან არჩეულ იქნა თანამდებობაზე, რომელთანაც არბიტრის ფუნქციის შესრულება წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.
18.8. არბიტრის შეცვლის საკითხზე “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს არბიტრ(ებ)ის და მხარეების მოსაზრებების გათვალისწინებით.
18.9. შეცვლილი არბიტრის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე.
თავი IV. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 19. ზოგადი ნაწილი
19.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების დღედ ითვლება “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიის მიერ სარჩელის რეგისტრაციის დღე.
19.2. სარჩელის რეგისტრაციის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არბიტრი წარმოებაში იღებს საქმეს, ადგენს ხარვეზს ან იღებს დადგენილებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დადგენილება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე მიიღება საქმის განმხილველი არბიტრის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
19.3. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები კონფიდენციალური საიდუმლოების და ინფორმაციის დაცვის მიზნით. ამასთან, კონფიდენციალურობის დარღვევად არ ჩაითვლება საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას, კერძოდ გზავნილის/შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მხარის მიმართ გაკეთებული საჯარო შეტყობინების განთავსება საჯარო სივრცეში საიტზე.
19.4. მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება არბიტრაჟისა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა გადასცეს „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის“ კანცელარიას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და ინფორმაციის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებისა და არბიტრაჟისათვის მიწოდებას.
19.5. მხარე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი პირით. წარმომადგენლის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მხარემ უნდა მიაწოდოს კანცელარიას, რომელიც ამ ინფორმაციას უგზავნის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს და არბიტრებს. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმდჯომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მხარეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება.
მუხლი 20. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
20.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი, თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილზე არ შეთანხმდებიან.
20.2. საარბიტრაჟო სხდომები, როგორც წესი, იმართება “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” ადგილსამყოფელის მიხედვით. არბიტრაჟს, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მხარეთა ზეპირი მოსმენა და სხვა შეხვედრები გამართოს სხვა ადგილას.
20.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია სამუშაო თათბირი გამართოს ნებისმიერ ადგილას.
მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის ენა
21.1. საარბიტრაჟო განხილვის ენაა ქართული.
21.2. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს, რომ დოკუმენტს, რომელიც შესრულებულია საარბიტრაჟო განხილვის ენისაგან განსხვავებულ ენაზე, უნდა ახლდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი.
მუხლი 22. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა
22.1. არბიტრაჟს უფლება აქვს ზეპირი განხილვის გარეშე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამასთან, არბიტრაჟი უფლებმოსილია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დანიშნოს ზეპირი სხდომა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟს უფლება აქვს საარბიტრაჟო სხდომაზე მოწმე(ებ)ს, ექსპერტ(ებ)ს და სპეციალისტ(ებ)ს დაუსვას კითხვები, ასევე მხარეებს მისცეს კითხვების დასმის თანაბარი შესაძლებლობა.
22.2 არბიტრაჟი უფლებამოსილია წინასწარ, საარბიტრაჟო სხდომამდე მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია იმ მოწმ(ეებ)ის ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტ(ებ)ის, სპეციალისტ(ებ)ის შესახებ, რომელთა წარდგენასაც ისინი გეგმავენ. მოწმე(ება)დ და სპეციალისტ(ებ)ად შესაძლებელია მოწვეული იქნენ მხარესთან დაკავშირებული პირებიც.
22.3 საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე არბიტრაჟი უფლებამოსილია:
22.3.1. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნის წარმოსადგენად;
22.3.2 გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ჩვენების, ასევე ექსპერტი და სპეციალისტი ახსნა-განმარტების ზეპირად მისაცემად და საჭიროების შემთხვევაში, უხელმძღვანელოს მათთვის შეკითხვების დასმის პროცესს;
22.3.3. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს წარადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;
22.4.მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვა შესაძლებელია არბიტრაჟმა ჩაატაროს დისტანციურად (ტექნიკური საშუალების გამოყენებით).
მუხლი 23. ზეპირი მოსმენა
23.1. არბიტრაჟი 100 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
23.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაზე საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით.
23.3. ზეპირი მოსმენის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს ეცნობებათ არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
23.4. საარბიტრაჟო არბიტრაჟს შეუძლია ჩაატაროს სხდომა და მიიღოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმ მხარის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც სათანადო წესით ეცნობა ზეპირი მოსმენის შესახებ და არ გამოცხადდა საარბიტრაჟო სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე.
23.5. არბიტრაჟის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ზეპირი მოსმენის პროცესს, ის წარმართავს სხდომას და შეკითხვების დასმის პროცესს.
23.6. პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საარბიტრაჟო განხილვაში, არბიტრაჟის და ყველა მხარის თანხმობის გარეშე, არა აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას.
23.7. სხდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ჩანაწერი და ოქმი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
23.8. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
23.9. საარბიტრაჟო სხდომას შესაძლოა დაესწროს კანცელარიის წარმომადგენელი, რომელიც დახმარებას უწევს არბიტრაჟს საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტაში; ასევე, არბიტრაჟის მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენს სხდომის ოქმის შედგენას.
23.10. შესაძლებელია საარბიტრაჟო სხდომა არ იწერებოდეს და სხდომას არ ჰყავდეს სხდომის მდივანი, თუ ამას საჭიროდ არ ჩათვლის არბიტრაჟი ან ორივე მხარის წერილობითი თანხმობა არ იარსებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
23.11. სხდომის ოქმ(ებ)ის ჩანაწერი, როგორც წესი კეთდება ელექტრონული ფორმით და CD დისკზე ჩაწერილი იდება საქმეში.
მუხლი 24. მტკიცებულება
24.1. თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ის აფუძნებს თავის საარბიტრაჟო მოთხოვნებს ან შესაგებელს.
24.2. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
24.3. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ამოღებულ უნდა იქნას ის მტკიცებულებები, რომელსაც, არბიტრაჟი ჩათვლის, რომ განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ აქვს კავშირი. აღნიშნულ ქმედებას არბიტრაჟი ახორციელებს მხარეებთან შეთანხმებით. ერთ-ერთი მხარის უარის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალები დარჩება საქმეში.
24.4. საქმიდან ამოღებული მტკიცებულებები დაუბრუნდება მხარეებს და ამ დროს არბიტრაჟი იღებს დადგენილებას საქმიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ, რომელშიც ხდება მითითება თუ რა დოკუმენტაცია იქნა ამოღებული საქმიდან. დადგენილებას ხელს აწერს ტრიბუნალის თავმჯდომარე და მხარეები.
მუხლი 25. დოკუმენტის წარუდგენლობა
თუ მხარე, დებულებით გათვალისწინებულ ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ წარადგენს წერილობით ან სხვა სახის მტკიცებულებებს, არბიტრაჟი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
თავი V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 26. გადაწყვეტილების მიღება
26.1. ერთზე მეტი არბიტრით ფორმირებული არბიტრაჟის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. თუ ასეთი უმრავლესობა არ იქნა მიღწეული, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
26.2. პროცედურული საკითხების გადაწყვეტისას, არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, იმ პირობით, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს არბიტრაჟის სხვა წევრებს. არბიტრაჟს შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება.
26.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად მასში მითითებულ დღეს.
26.4. იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანი არ აღემატება 100 000 ლარს, არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.
მუხლი 27. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადა
27.1. არბიტრაჟმა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისთვის საარბიტრაჟო საქმის გადაცემიდან 180 კალენდარული დღის ვადაში, თუ პროცედურული განრიგის საფუძველზე, ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
27.2. საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ტრიბუნალმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა გადასცეს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას, მხარისთვის გადასაცემად. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას შეუძლია ამ ვადის გაგრძელება, არბიტრაჟის მოტივირებული შუამდგომლობის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 28. საარბიტრაჟო განხილვის შეჩერება
28.1. არბიტრაჟს შეუძლია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა:
28.1.1. მხარეთა განცხადების საფუძველზე;
28.1.2. ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;
28.1.3. საარბიტრაჟო განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა მხარის უფლებამონაცვლეობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
28.2. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება:
28.2.1. რომელიმე მხარის განცხადებით, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
28.2.2. იმ გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო განხილვის შეჩერებას.
28.2.3. იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იქნა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და საარბიტრაჟო განხილვის შეჩერების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას არ მიუღია მხარ(ეებ)ის განაცხადი საარბიტრაჟო განხილვის განახლების შესახებ.
28.2.4.შეჩერებული საარბიტრაჟო განხილვის 6 თვის ვადაში განუახლებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც მხარ(ებ)ს არ ართმევს უფლებას განმეორებით მიმართონ არბიტრაჟს.
მუხლი 29. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
29.1. არბიტრაჟისთვის საქმის გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საფუძვლით, საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის მოთხოვნისას, არბიტრაჟი იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ.
29.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შუამდგომლობენ შეთანხმებული პირობების დამტკიცებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით და არბიტრაჟი ამას ეთანხმება, მიიღება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ.
29.3. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე აღმოჩნდება, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება არ არის საჭირო, დავის საგნის არარსებობის გამო ან მისი გაგრძელება შეუძლებელია რაიმე სხვა საფუძვლით ან მოსარჩელე გაითხოვს საარბიტრაჟო სარჩელს, არბიტრაჟი იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის შეწყვეტის თაობაზე.
მუხლი 30. მხარეთა მორიგების დამტკიცება
30.1. თუ მხარეები მორიგდნენ არბიტრაჟისთვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების დამტკიცება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.
30.2. თუ საქმეზე დასრულებულია საარბიტრაჟო განხილვა და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულება არ მომხდარა და “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარია მიიღებს მხარის/მხარეთა შუამდგომლობას მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ, კანცელარია საქმეს გადასცემს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარეს.
30.3. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარე საქმეს გადასცემს არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი არ არის ფორმირებული ან აღარ არსებობს, რადგან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაიშალა, “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმდჯომარე ნიშნავს არბიტრს. იმ მორიგების პირობების დასამტკიცებლად, რომელიც მხარეთა შორის მიღწეულ იქნა საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არბიტრად შეიძლება დაინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმღები პირიც.
30.4. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მხარეთა მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში, თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა მხარ(ეებ)ის შუამდგომლობა მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 31. სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობა
31.1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
31.2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
31.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის, არბიტრაჟს განცხადებით მიმართავს ერთ-ერთი მხარე უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განცხადების წარდგენის შემდეგ, არბიტრაჟი უფლებამოსილია:
31.3.1.განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში საქმის განმხილველმა არბიტრმა ან მისი არყოფნის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ დანიშნულმა სხვა არბიტრმა, მიიღოს დადგენილება განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და დანიშნოს საარბიტრაჟო განხილვა;
31.3.2. მოიწვიოს მხარეები საარბიტრაჟო სხდომაზე ამ დებულების მე-7 მუხლით დადენილი წესით;
31.3.3 მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათასაფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 32. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმა და იურიდიული ძალა
32.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შედგენილი უნდა იქნას წერილობითი ფორმით.
32.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა, მითითებული უნდა იყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და გადაწყვეტილების მიღების ადგილი.
32.3. საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 33. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტებისათვის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები
33.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები. ასევე, მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
33.2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვსმოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
33.3. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.
მუხლი 34. საქმის მასალების შენახვა
34.1. არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ყველა ეგზემპლარს გადასცემს “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიას, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეამოწმებს, რომ საარბიტრაჟო დავის მხარეთა მიერ გადახდილია ყველა საარბიტრაჟო ხარჯი.
34.2. არბიტრაჟის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 10 წლის განმავლობაში „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ ინახავს:
34.2.1. არბიტრაჟის მიერ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;
34.2.2 დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მხარეთა ინფორმირებას;
34.2.3. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” მიერ ამ დებულების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
34.3. საარბიტრაჟო საქმისწარმოების ყველა ის დოკუმენტი რომელიც არ ექვემდებარება შენახვას მატერიალური სახით, ინახება 3 წლის ვადით, ელექტრონული ფორმით.
34.4. თუ საარბიტრაჟო განხილვისას, არბიტრაჟის მიერ საქმეზე მიღებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, საქმის სრული მასალები ინახება იმ ვადით რა ვადითაც ძალაშია უზრუნველყოფის ღონისძიება.
34.5. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმისწარმოება მიმდინარეობდა ელექტრონული ფორმით, საქმისწარმოების სრული მასალები ინახება 3 წლის ვადით ელექტრონულად.
34.6. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს ამ წესისაგან განსხვავებული საქმის შენახვის ვადები ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
თავი VI. ხარჯები
მუხლი 35. საარბიტრაჟო ხარჯები
35.1. საარბიტრაჟო ხარჯებად მიიჩნევა:
35.1.1. “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
35.1.2. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
35.1.3. თარჯიმნის, სპეციალისტისა და ექსპერტისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
35.1.4. ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;
35.1.5. საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომელიც ასეთად მიიჩნევა არბიტრაჟის მიერ.
35.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს ან მხარეებს ნებისმიერი ხარჯის გადახდა, რომელიც მეორე მხარემ გასწია.
35.3. შესაბამისი საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა მხარეებმა უნდა განახორციელონ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, იმ საბანკო რეკვიზირებზე ჩარიცხვით, რომელიც “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიის მიერ მიეწოდებათ ან საჯაროდ იქნება გამოქვეყნებული ვებ-გვერდზე www.gat.ge.
მუხლი 36. საარბიტრაჟო მოსაკრებელი
36.1. საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელს.
36.2. თუ მოთხოვნილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ იქნება სრულად გადახდილი საარბიტრაჟო სარჩელის “ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის” კანცელარიაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, არბიტრაჟი უარს იტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული დაინტერესებულ მხარეს არ ართმევს სარჩელის ხელახლა შეტანის უფლებას.
36.3. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება შემდეგი ოდენობით: დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 170 ლარისა.
36.4. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს;
36.5. კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 100 (ას) ლარს;
36.6. არქივში გადაცემული საქმის მასალების გამოთხოვა 50 (ორმოცდაათი) ლარი.
36.7. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, საპროცესო ხარჯი მხარეებს შორის ნაწილდება თანაბრად, თუ მხარეები მორიგების აქტით სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
36.8. მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილავს არბიტრაჟი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
36.9. თუ დადგინდება, რომ “ქართულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს” არა აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ იტოვებს მისთვის გადახდილი თანხის 50%-ს და დარჩენილ თანხას უბრუნებს საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
36.10. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვების, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება.
მუხლი 37. ადმინისტრაციული საზღაური სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის
37.1. მხარე, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე მხარისათვის გარკვეული უფლების შეზღუდვას, იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლოა აღსრულდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ვალდებულია გადაიხადოს საარბიტრაჟო ხარჯი შემდეგი ფორმით და ოდენობით:
37.1.1. ერთ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა, ნივთისათვის სახის შეცვლა/გაერთიანება 50 ლარი;
37.1.2. ორ ან მეტ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა, ნივთისათვის სახის შეცვლა/გაერთიანება 100 ლარი;
37.1.3. ერთ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ან გარკვეული თანხების ფარგლებში ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა 50 ლარი;
37.1.4. ორ ან მეტ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ან გარკვეული თანხების ფარგლებში ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა 100 ლარი;
37.1.5. ერთ მოძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა 50 ლარი;
37.1.6. ორ ან მეტ მოძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა 100 ლარი;
37.1.7. სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება 200 ლარი.
თავი VII. სხვა დებულებები
მუხლი 38. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნას ნებისმიერ დროს. ამასთან, ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომლის საარბიტრაჟო განხილვაც დაიწყო ცვლილებების/დამატებების ამოქმედებამდე.
მუხლი 39. რეკომენდირებული საარბიტრაჟო შეთანხმება
იმ მიზნით, რომ დავის წარმოშობის მომენტისათვის, საარბიტრაჟო წარმოება წარიმართოს მინიმალურ დროში და ხარჯებით, „ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი“ მხარეებს უწევს რეკომენდაციას ქვემოთ მოცემული მოდალური დათქმა ხელშეკრუელბებში გამოიყენონ უცვლელი ფორმით:
,,ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტლების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს: შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი’’ ს/კ 402262993, ვებ. გვერდი: www.gat.ge. მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა მოხდება ქართულ ენაზე საქართველოს კანონმდებლობის და შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი’’-ს დებულების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალი’’-ს დებულება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული წინამდებარე საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად აღნიშნული დებულებით განისაზღვრება ყველა ის საკითხი, რომელთა სხვაგვარად განსაზღვრის უფლებაც მიანიჭა მხარეებს საქართველოს კანონმა ,,არბიტრაჟის შესახებ”. მხარეები გაცნობილნი არიან დებულებას და ეთანხმებიან მას. დებულების ხილვა ნებისმიერ დროს შესაძლებელია ვებ. გვერდზე: www.gat.ge. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას არბიტრაჟის მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი , დიდუბის რაიონი, მასივი დიღომი , კვარტალი I , კორპუსი 9, სართული 5, ბინა N30 . არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მხარისათვის შეტყობინების/სარჩელის/კორესპონდენციის ჩაბარება არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდება შპს ,,ქართული საარბიტრაჟო ტრიბუნალის’’ ვებ. გვერდზე: www.gat.ge.’’
მუხლი 40. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
40.1. მოქმედია დებულების ის რედაქცია, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე: WWW.GAT.GE.
40.2. წინამდებარე დებულებას აქვს უპირატესი ძალა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის დისპოზიციურ ნორმებთან მიმართებაში, ხოლო თუ ამ დებულების რომელიმე მუხლი ეწინააღმდეგება კანონის დათქმას, მოქმედებს კანონის ნორმა.